შეერთებულ შტატებში წარმოებული მაღალი ხარისხის ხორცის ყველა სასარგებლო თვისების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხორცის შეფუთვის, გამოყენებისა და შენახვის წესების სწორედ დაცვას. არამართებულად მოპყრობამ და არასწორედ შენახვამ შეიძლება სასარგებლო თვისებები დაუკარგოს ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტსაც კი. რამდენადაც ხორცი მალფუჭებადი პროდუქტია, მასთან მუშაობის დროს უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგია და მკაცრად დაიცვათ დროითი აკრძალვის ყველა წესი, ხორცის დამუშავებასა და შენახვასთან დაკავშირებით.
როდესაც 70-იანი წლების დასაწყისში ამერიკული ხორცის ინდუსტრიამ შეწყვიტა ვაჭრობა დაუჭრელი დაკლული საქონლით, მაშინათვე აშკარა გახდა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ახალი ხორცის შეფუთვის საკითხს, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს პროდუქციის შენახვის დროის გახანგრძლივებას და გაფუჭებისაგან დაცვას. ხორცის შეფუთვისა და შენახვის თანამედროვე მეთოდებს, უპირატესად, საფუძვლად უდევს ვაკუუმური შეფუთვის ტექნოლოგია. ვაკუუმური შეფუთვა, ჩვეულებრივ, გამოიყენება საშუალო და მცირე ზომის ჩამონაჭრებისათვის, ბიფშტექსებისა და როსტბიფებისათვის. ამ პროცესში გამოიყენება სქელი ელასტიური პლასტიკური მასალისაგან გაკეთებული სპეციალური ლამინირებული ჰაერგაუმტარი ტომსიკები. როგორც წესი, უძვლო ხორცი თავსდება ვაკუუმურ ხელსაწყოში, რომელიც ტომსიკიდან გამოდევნის ჰაერს და ასტერილებს მას. ზოგიერთი ხელსაწყოთი შესაძლებელია ჰაერის შეცვლა მცირე რაოდენობის ნახშირბადის ორჟანგით (CO2).










